English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რამაზ აბესაძე ვახტანგ ბურდული
საქართველოს ეროვნული ინოვაციური სისტემის თანამედროვე მდგომარეობა და მისი ფორმირების პრიორიტეტები

ვრცელი რეზიუმე

თანამედროვე პერიოდისათვის ქვეყნის ინოვაციური სისტემა ძალიან განუვითარებელი და არაეფექტიანია. ქვეყანაში ქმედითი ინოვაციური სისტემის არსებობის გარეშე კი შეუძლებელია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და საჭირო დარგების განვითარება პერსპექტივაში ეკონომიკის თვითკმარობის მისაღწევად. ამასთან, მის ფორმირებისათვის საჭიროა საკმაოდ დიდი დრო და მსხვილი კაპიტალდაბანდებები. ეს ყველაფერი განაპირობებს მისი ფორმირების თანდათანობას. ამიტომ, მოცემულ სტატიაში ჩვენ შევეცადეთ გავაშუქოთ და დავასაბუთოთ ქვეყნის ეროვნული ინოვაციური სისტემის (ეის) განვითარების პირველრიგოვანი მიმართულებები ყველა მისი საკვანძო ბლოკის ჭრილში.

1. სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკის უზრუნველყოფის ბლოკი. ა) ინოვაციური პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროები, უწყებები, სააგენტოები, ფონდები და სხვა მარეგულირებელი და დამაფინანსებელი ორგანიზაციები; ბ) ინოვაციური პოლიტიკის სტრატეგიები და პრიორიტეტები. ინოვაციური პოლიტიკის სტრატეგიაში უნდა განისაზღვროს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და დაისახელოს ის ძირითადი დარგები ინოვაციების სამრეწველო დანერგვის პერსპექტივით, რომლებზეც უნდა გამოიყოს ძირითადი სახელმწიფო რესურსები. ამასთან, უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ტრადიციული დარგების ინოვაციურ განვითარებას, რომელთა საწარმოების უმეტესობაში მუშაობა 90-ანი წლების დასაწყისში შეწყდა მოძველებულ ტექნოლოგიებზე წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარობისა და ცოდნის დეფიციტის გამო (ამ საწარმოების მუშაობის შეწყვეტა გახდა ექსპორტირებულ და იმპორტირებულ პროდუქციას შორის ამჟამადაც არსებული უზარმაზარი დისბალანსის ძირითადი მიზეზი). ამის გარდა სტრატეგიაში უნდა დაისახოს ეროვნული და რეგიონული ინოვაციური სისტემების ფორმირებისა და განვითარების პირველრიგოვანი ამოცანები და სახელმწიფო სექტორში შეირჩეს ეროვნული ინოვაციების შემუშავების პრიორიტეტული მიმართულებები. სტრატეგიის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს ინოვაციური განვითარების სპეციალური პროგრამების შემუშავება, რაც შემოღებულია მრავალი ქვეყნის პრაქტიკაში; გ) ინოვაციური საქმიანობის სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, იმ დებულებების ჩათვლით, რომლებიც ახდენს ურთიერთობების რეგლამენტირებას მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის.
2. ინოვაციების წარმოების ბლოკი. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ინოვაციების უმეტეს ნაწილი იწარმოება ბიზნესსექტორში. საქართველოში ამჟამად ინოვაციების წარმოება ბიზნესსექტორში უმნიშვნელო დონეზე იმყოფება. სამრეწველო სექტორში მსხვილი კორპორაციების რაოდენობა მცირეა, მართალია მათი ოდენობა ბევრია სავაჭრო სექტორში, მაგრამ ამ სექტორში არ არსებობს ბევრი ახალი ტექნოლოგიის წარმოების აუცილებლობა. ამიტომ, იმისათვის, რომ მსხვილ კორპორციებში შესაძლებელი გახდეს დიდი რაოდენობის ინოვაციური ქვედანაყოფების შექმნა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საქართველოს ეკონომიკის ჰოპერტროფიული დარგობრივი სტრუქტურის გარდაქმნა იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტი მსხვილი საწარმო გაჩნდეს მრეწველობის და სოფლის მეურნეობის აქტუალურ დარგებში. ამჟამად უფრო აქტუალურია მცირე კერძო ინოვაციური საწარმოებისა (რომლებიც, უპირატესად, უნდა გამოიკვლიონ ახალი უცხოური ტექნოლოგიები წარმოებაში მათი მომდევნო გადაცემისათვის) და ტექნოლოგიების ტრანსფერის ქსელის შექმნა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული იმპორტჩანაცვლებითი და ექსპორტზე ორიენტირებული დარგების დაჩქარებული განვითარება. თუმცა ზოგიერთ დარგში, მაგალითად, სწრაფად მზარდი სამშენებლო მასალების მრეწველობაში, ამჟამადაც მსხვილ კომპანიებში შეიძლება ინოვაციური ქვედანაყოფების შექმნა, ისინი, კერძოდ, ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ბევრი იმ თანამედროვე სამრეწველო მასალის წარმოების ათვისებას, რომელიც ამჟამად უცხოეთიდან შემოდის.
პრიორიტეტულია ასევე სახელმწიფო (ან სახელმწიფო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული) მცირე ინოვაციური საწარმოების შექმნა სახელმწიფოს ინოვაციური სტრატეგიის იმპერატივების მხედველობაში მიღებით (თუმცა უკანასკნელი ჯერ შემუშავებული არ არის).
3. სამეცნიერო-კვლევითი სექტორი. უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში უფრო მეტი ყურადღება უნდო დაეთმოს იმ სამეცნიერო შემუშავებებს, რომლებიც ორიენტირებულია ინოვაციურ გამოკვლევებზე.
განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში (ეის-ის ევროანტლატიკური მოდელით, რომელიც ამჟამად ტრანსფორმირდება “სამმაგი სპირალის მოდელის” პრინციპის მიხედვით აწყობილ ეის-ში) კვლევების და შემუშავებების გამტარებელ ეის-ის ფაქტობრივ ბირთვად გამოდიან უნივერსიტეტები და ზოგიერთი სხვა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები.
მცირე ქვეყანაში შეუძლებელია ინოვაციური განვითარება უცხოეთიდან ახალი ტექნოლოგიების მსხვილმასშტაბური სესხების (იმპორტის) გარეშე. მით უმეტეს ასეთი სესხება საჭიროა საქართველოში, სადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, საჭიროა ეკონომიკის ჰიპერტროფიული სტრუქტურის გამოსწორება. ამიტომ ქვეყანაში ინოვაციების წაწევის ყოველ სტადიაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ინოვაციების (ე. ი. ახალი ტექნოლოგიების) სესხების (იმპორტის) პრობლემას. კერძოდ, სამეცნიერო-კვლევით სტადიაზე შესაბამის დაწესებულებებში (იყოს ეს უნივერსიტეტი, თუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) საჭიროა ისეთი სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფის შექმნა, რომელიც სათანადო უცხოური ინოვაციური ტექნოლოგიების კვლევასა და მათი წარმოებაში წაწევის შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
4. ტექნოლოგიების ტრანსფერის (გადაცემის) ორგანიზაციები და ინოვაციური ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები (სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკები, ბიზნესინკუბატორები, ბიზნესამაჩქარებლები, ტექნოლოგიების კომერციონალიზაციის ცენტრები და ა. შ.). ყველა ამ სტრუქტურამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც სამამულო (რომელიც მცირე ქვეყანაში არც ისე ბევრია), ასევე, და განსაკუთრებით, გადმოღებული (იმპორტული) ახალი საწარმოო ტექნოლოგიების გამოვლენას და წარმოებაში დანერგვას.
5. საერთაშორისო ინოვაციურ გარემოსთან ურთიერთქმედების სისტემა. საქართველო მცირე ქვეყანაა და ამიტომ არ შეუძლია დიდი რაოდენობის ახალი საწარმოო ტექნოლოგიების წარმოება (საერთოდაც ასეთი წარმოება ამჟამად უმნიშვნელოა). მან ძირითადად გეზი უნდა აიღოს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საწარმოო ტექნოლოგიების გადმოღებაზე (იმპორტზე). ამიტომ ტექნოლოგიების ტრანსფერის სამამულო ცენტრები უნდა ითანამშრომლონ უცხოური ქვეყნების შესაბამის სისტემებთან, კერძოდ, სამამულო საწარმობისათვის ხელშეწყობის გაწევით საპატენტო ლიცენზიებისა და ნოუ-ჰაუს შესაძენად, უცხოური ინჟინირინგული ფირმების მოსაზიდად მათ მიერ საზღვარგარეთ შესყიდული ახალი ტექნოლოგიების აწყობისა და მზა ობიექტების ჩაბარებისათვის “ტურნკეყ”, ასევე _ ხელშეწყობით უცხოურ პარტნიორებთან ერთობლივი, კერძოდ, ვენჩურული საწარმოების შექმნაში.
ინოვაციურ საქმიანობაში საერთაშორისო თანამშრომლობის მეორე მიმართულებას წარმოადგენს თანამშრომლობა ინოვაციების შემუშავებისა და წარმოების სფეროში, კერძოდ, სამეცნიერო-კვლევითი შემუშავებების სტადიაზეც. ჯერჯერობით ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის პრობლემა სათანადო დონეზე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებთან არსებობს ასეთო თანამშრომლობის განვითარების ფართო პერსპექტივები საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმების VI კარის მე-12-ე თავის “თანამშრომლობა კვლევის, ტექნოლოგიების განვითარებისა და დემონსტრირების სფეროში” დებულებებით ხელმძღვანელობის საფუძველზე.
6. ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების ბლოკი. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ინოვაციური საქმიანობის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაფინანსება ძალიან დაბალ დონეზე.ა ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში წარმატებული ინოვაციური სისტემებით ასეთ დაფინანსებაზე დიდი სახსრები იხარჯება. ამიტომ იმისათვის, რომ საქართველოში ეის-ის სრულფასოვანი ფორმირება და ამოქმედება მოხდეს, საჭიროა ამ სფეროში როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დანახარჯების მკვეთრი გაზრდა.
ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო დაფინანსება დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესაძლებლობებზე. მისი შევსების დაბალი საგადასახადო ბაზის გამო, ასეთი დაფინანსება, როგორც აღინიშნა, ძალიან მცირეა. ამიტომ, უზრუნველყოფილი რომ იყოს სახელმწიფო დაფინანსების მისაღები ზომები, საჭიროა საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება ზოგიერთი გადასახადის განაკვეთების გაზრდის ხარჯზე.
იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესის ინვესტიციური აქტიურობა გაიზარდოს, საჭიროა ფინანსური-სამრეწველო ჯგუფების (ფსჯ) შექმნა, მის შემადგენლობაში სამრეწველო კომპანიებთან ერთად სავაჭრო კომპანიების ჩართვით. ბანკს კი ფსჯ-ის შემადგენლობაში უნდა ჰქონდეს საკმარისი კომპეტენცია იმისათვის, რომ აირჩიოს სამრეწველო სექტორში ინოვაციური ფირმების შექმნის დაფინანსების მიზანშეწონილი მიმართულებები, არა მარტო დაკრედიტების, არამედ ვენჩურული კაპდაბანდებების სახით, რომლებსაც აწარმოებს როგორც უშუალოდ ბანკი, ასევე სხვა ფსჯ-ში შემავალი კომპანიები. ამ პროცესში შესაძლებელია სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მექანიზმის გამოყენებაც. ვენჩურული ინოვაციური კომპანიების შექმნა საჭიროა ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივად.
7. კადრების მომზადების ბლოკი. ინოვაციური კადრების (მათ შორის ინოვაციური მენეჯერების) მომზადება არ შეიძლება არასისტემურად. ის უნდა შედგებოდეს ერთმანეთთან დაკავშირებული ცოდნის და კომპეტენციის ამაღლების ეტაპებიდათ. ინოვაციური საქმიანობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას, კერძოდ _ მეცნიერებათა დოქტორების. ჩვენი აზრით, საქართველოში მეცნიერებათა დოქტორების მომზადება საჭიროა არა მარტო საუნივერსიტეტო კათედრებზე (როგორც ეს შემოღებულია პრაქტიკაში ამჟამად), არამედ სპეციალიზებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებშიც, რომლებში ძირითადად ხორციელდება როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო შემუშავებები.
8. დონორების მიერ განხორციელებული პროექტების მხარდაჭერის ბლოკი. მნიშვნელოვანი პროექტები საქართველოში განხორციელებული იყო დონორების მიერ, მაგრამ მათი კომერციალიზაცია პრაქტიკულად არ ხდებოდა, უშედეგოდ დახარჯული იყო მნიშვნელოვანი საფინანსო და ინტელექტუალური საშუალებები. ამიტომ მომავალში ისეთი პროექტები უნდა განხორციელდეს, რომელთა შედეგები წარმოებაში აუცილებლად დაინერგება. ამისათვის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, საჭიროა დონორების მიერ განხორციელებული პროექტების მხარდამჭერი დროებითი ქვედანაყოფების შექმნა, რომლებიც განახორციელებს პროექტების მონიტორინგს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაფინანსებას, კომერციალიზაციას და სხვა საჭირო ღონისძიებებს.
9. სოფლის მეურნეობის ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის ბლოკი. ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობა უკიდურესად არაეფექტიანია: დაბალია მისი პროდუქტიულობა; არ არის მოწესრიგებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზაციულ-ინსტიტუციური ფორმები, კერძოდ, არსებობს არასაბაზრო ხასიათის მცირე საშინაო მეურნეობების დიდი რაოდენობა ძალიან დაბალი შრომისმწარმოებლურობით; მცირეა სპეციალისტების, კერძოდ აგრონომების რაოდენობა, რომლებიც მიწოდებულნი არიან, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებს გაუწიონ კონსულტაცია, და საერთოდ არ არსებობს მათი კონსალტინგური მომსახურების მოწესრიგებული სისტემა. ამიტომ, ჩვენი აზრით, საჭიროა სასოფლო-სამეურნეო სექტორის ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის განკერძოებული სისტემის ფორმირება. ამისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდის ქვეშ სოფლის მეორნების ინოვაციური განვითარების სააგენტოს დაფუძნება, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის საფუძველზე შექმნილი იქნება კონსალტინგური და სხვა საჭირო სამსახურები.